კი, ვადასტურებ [ვანო ზარდიაშვილის] გადადგომას. ჩემი მისდამი დამოკიდებულება იგივე რჩება, ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ და ადამიანად, რომელმაც არეული სისტემა დაალაგა და ძალიან გამჭვირვალე გახადა, - ამის შესახებ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მრჩეველთა საბჭოს წევრმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკის შეფასება არაობიექტური იყო.

"კი, ვადასტურებ [ვანო ზარდიაშვილის] გადადგომას. შვებულებაშია ახლა და მერე, ნუ, გავა, ჰო. არ ვიცი, სემეკის განცხადებას უკავშირდება თუ არა, არ ვიცი, არა მგონია. სუსი იკვლევს და რა შუაშია სემეკი, არა მგონია, ამას უკავშირდებოდეს, არ ვიცი. რაც ვიცი, გიდასტურებთ.

დარწმუნებული ვარ, სუსი რომ გამოიკვლევს, შეიცვლება ეჭვები, დარწმუნებული ვარ, რომ ზარდიაშვილმაც იცოდა და აქედან გამომდინარე, იგი ვერ გააკეთებდა გავლენას. აქ ობიექტური მიზეზი არ არის, სუბიექტური მიზეზებია. 

ობიექტური არ იყო ეს შეფასება სემეკის მხრიდან. ყველაფერი შეიძლება. როგორც ვიცი, იმყოფება საქართველოში.

ჩემი მისდამი დამოკიდებულება იგივე რჩება, ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ და ადამიანად, რომელმაც არეული სისტემა დაალაგა და ძალიან გამჭვირვალე გახადა", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა "ფორმულასთან".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სემეკის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. დასკვნის მიხედვით, დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.