აფხაზი სეპარატისტები ბევრად უფრო აქტიურად მუშაობენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ "რეალპოლიტიკის" მკვლევარმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ბერკეტები და არ, ან ვერ იყენებს.

"პრობლემა არის ის, რომ წინა დღეს აზერბაიჯანში ჩასული იყო ჩვენი ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. არ ვიცი, თუ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მეორე დღეს სირიის პრეზიდენტი ჩადიოდა, ამას სხვა ტიპის რეაგირება უნდა ჰქონოდა ქართული მხარის მხრიდან და თუ არ ჰქონდათ ეგ ინფორმაცია, ეს ცალკე უბედურებაა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის არაღიარების პოლიტიკის გავრცელება და გაგრძელება და სირია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" და ჩვენდა სამწუხაროდ, აფხაზი სეპარატისტები ბევრად უფრო აქტიურად მუშაობენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და იქ მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა, ოფიციალურ მიმართვებს ავრცელებენ ერთმანეთის მიმართ და საპირისპიროდ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ბერკეტები, რომელსაც ვერ ვიყენებთ.

იმ გაზმა და ნავთობმა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, ეს ხომ ბერკეტია  ჩვენს ხელში, ამასთანავე ბერკეტია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ ფაქტია, ამას ან ვერ, ან -  არ ვიყენებთ სხვა მიზეზების გამო. ცოტა რთული სათქმელია ჩემთვის, რატომ ვხედავთ ასეთ პასიურობას, მაგრამ პრინციპში, ამ ხელისუფლებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენი პატრიოტული პოზიციიდან ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.