ბევრ რამეს კარგავს საქართველო, მარტო ვიზალიბერალიზაციას და კანდიდატის სტატუსს კი არ კარგავს, არამედ კარგავს ძალიან დიდ რესურსს იმისა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა იყოს დაცული, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამაღიზიანებელზე მეტია ის რიტორიკა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აქვთ.

"ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად გრძნობენ, რეალურად, რა სასიცოცხლო გამოწვევის წინაშეც დგას საქართველო. ბევრ რამეს კარგავს საქართველო, მარტო ვიზალიბერალიზაციას და კანდიდატის სტატუსს კი არ კარგავს, არამედ კარგავს ძალიან დიდ რესურსს იმისა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა იყოს დაცული. ჩვენი დამოუკიდებლობა ბევრწილად გარანტირებულია სწორედ ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.  ჩვენ ამ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ზურგი ვაქციეთ და ისეთი პოლიტიკის დოკუმენტები შევაქმნევინეთ, რომ მათ გამოხედვა აღარ უნდათ საქართველოსკენ, შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით მარტო. გამაღიზიანებელზე მეტია ის რიტორიკა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აქვთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით კარგად - მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ აქ კარგად ვიყოთ, გვჭირდება ძალიან დიდი ფარი და ეს ფარი არის ბრიტანეთი, ევროკავშირი და შეერთებული  შტატები და დაცვა გვჭირდება ჩვენი ყველაზე დიდი სერიოზული და დიდი პრობლემისგან - რუსეთისგან.  ამას ვკარგავთ ჩვენ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ამაზე დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური, სოციალური თუ ყოფითი პრობლემები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდება ევროკავშირის ზურგის შექცევის შემდეგ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.