"ქართული ოცნება" ეს არ არის უბრალოდ პარტია, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება და ქვეყანა იმართება კრიმინალური მეთოდებით, ინტერესებით, - ამის შესახებ "ერთობის" წევრმა გოგლა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა  და "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა მძიმე დღეში ჩააგდო და იზოლაციაში მოაქცია.

"ბიძინა ივანიშვილმა  და "ქართულმა ოცნებამ" მართლა ძალიან მძიმე დღეში ჩაგვაგდო. შეიძლებოდა საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო და ზუსტად ამ დროს საქართველომ სრულიად ნათელი გზიდან გადაუხვია, ძალიან უცნაური რაღაცების კეთება დაიწყო და სრული იზოლაციისკენ წავიდა. იზოლაციაში დარჩენა, როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ეს ძალიან მძიმეა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" გასაჭირს, ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, თუმცა აშკარაა, რომ შიგნით პრობლემებია, სერიოზული კლანური დაპირისპირებები მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" ეს არ არის უბრალოდ პარტია, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება და ქვეყანა იმართება კრიმინალური მეთოდებით, ინტერესებით - შენ ამდენი გერგება, დანარჩენი უნდა დავჩაგროთ. ახლა რაღაც ვერ გაიყვეს და დაერივნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და აქ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს.

პროტესტმა დაასუსტა ისინი, ფაქტი სახეზეა. თვითონ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან გაურკვევლობაში, რა ხდება და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ქუჩის პროტესტმა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მასშტაბური, ის მაინც არ ჩაქრა და არ გაჩერდა, ეს კი რეჟიმს მოსვენებას არ აძლევდათ. მათ ეგონათ, რომ პროტესტი მალე მორჩებოდა, თარიღებსაც ასახელებდნენ, მაგრამ ეს არ დასრულდა. ბუნებრივია, ეს მათ უქმნით დაძაბულობას. ნებისმიერ მომენტში ეს პროტესტი შეიძლება უფრო მასშტაბური გახდეს და ნებისმიერმა ინციდენტმა პროტესტი შეიძლება ააფეთქოს. ეს დაძაბულობას იწვევს ხელისუფლებაში, რის შედეგებსაც ვხედავთ ჩვენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.