“იმედს“ აქვს 500 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი და იმიტომ გაიყიდა 1000 ლარად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ იმ ადამიანმა, ვისაც “აჰკიდეს“ “იმედი“, დაიღუპა თავისი თავი და სამომავლოდ ბიზნესიც გაინადგურა.

“იმედს“ აქვს 500 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი და იმიტომ გაიყიდა 1000 ლარად. ბრიყვის გარდა, ვინ იჩუქებს ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს 500 მილიონი დავალიანება, რომელიც 2 კვირაში სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. იმ ადამიანმა, ვისაც “აჰკიდეს“ ეს, დაიღუპა თავისი თავი და სამომავლოდ ბიზნესიც გაინადგურა. ... ეს არ არის დოლარის სანქცია, ამერიკული სანქცია ბევრად მძიმეა, ვინაიდან, ყველა ტრანზაქციას აჩერებს, მაგრამ ამავედ დროს, ბრიტანულიც უმძიმესია - ავიღოთ საქბანკი და თბს, 80 პროცენტი საბანკო სისტემის ეს 2 ბანკია, ერთია, რომ ლონდონის ბირჟაზე ოპერირებს, მეორეა - რომ ეს ბანკები დაფუძნებულია ბრიტანული იურიდიული პირის მიერ. რეალურად ბრიტანული კომპანიის შვილობილი კომპანიაა ადგილობრივი საქბანკი და ადგილობრივი თბს. სულ მალე, დავინახავთ, რომ ორივე ბანკი გააკეთებს განცხადებას, თუკი რამე ანგარიშები აქვთ დოლარში, ევროში, ფუნტში და ა.შ. ეს ანგარიშები გაიყინება. “იმედს“ გაურთულდება ნებისმიერი ტრანზაქცია", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ შემოვლითი გზით დაიწყებენ მოქმედებას, ეს უკვე არასრულყოფილი კომპანიის ქმედება იქნება და ადრე თუ გვიან “იმედი“ დაიხურება.

"ეს სანქციები გაგრძელდება, “იმედს“ ამ რეჟიმში არსებობა არ შეუძლია, რადგან რეკლამა იყო მიზერული, ხელფასებსაც არ ყოფნიდა და აფინანსებდა ივანიშვილი", - აღნიშნა მან.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია დასანქცირდეს “იმედის“ და “რუსთავი 2 “-ის აუდიტის ჩამტარებელი კომპანია, რომლებიც წლიურ დასკვნას ამზადებდნენ.

“იმედი“ ნელ-ნელა გადავა მილევად რეჟიმში, რომელიც იქნება დიდი საფრთხე "რუსთავი 2"-ის და სხვა არამედია ბიზნესისთვის, რომელთა გაფრთხილება წამოვიდა ამ შემთხვევაში “იმედიდან", - აღნიშნა მან.