ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა კვლავ გაგრძელდება მეორე ნაწილთან დაკავშირებით, არის როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, ისე პოლიტიკური საკითხები, რასაც მინისტრი გასცემს პასუხს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ განათლების სამინისტროში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სამსაათნახევარი მიდიოდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. იყო მწვავე შეკითხვები. დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ორ ნაწილად გავყოფდი ამ შეხვედრას. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა კვლავ გაგრძელდება მეორე ნაწილთან დაკავშირებით, არის როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, ისე პოლიტიკური საკითხები, რასაც მინისტრი გასცემს პასუხს.

გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთად შეხვდებიან განათლების მინისტრს. გვექნება საუბარი უკვე კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ერთი არის განათლების პოლიტიკის კუთხით, მეორე – ტექნიკური საკითხები, ვთქვათ, პროგრამების საკითხები. არსებობს გლობალური საკითხიც, როგორიცაა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი, რაზეცაა საუბარი. მხედველობაში მაქვს, რომ განათლების გლობალური რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეკითხვები დაისმება პარასკევს მინისტრთან. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, მასთან დაკავშირებით დღესაც აქტიურად იყო საუბარი. თემა საკმაოდ მწვავეა. ვფიქრობ, აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

განათლების სამინისტროში დღევანდელ შეხვედრას 70-მდე პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა.