წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის დასტური, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

“თეა წულუკიანს, როგორც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირს - კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით ევალებოდა დაეცვა ობიექტურობა და მიუკერძოებლობა საგამოძიებო კომისიის  საქმიანობის პროცესში, თუმცა კანონის როგორი დარღვევებით წარმართა სხდომები გიორგი გახარიასთან მიმართებით, როგორ არღვევდა მის უფლებებს - რა ლექსიკით, აგრესიითა და ანტისახელმწიფოებრივი დამაზიანებელი რიტორიკით პოზიციონირებდა, მთელმა ქვეყანამ იხილა.

წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის დასტური, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ.

სასამართლო დღემდე “სირაქლემის პოზას” ინარჩუნებს, როდესაც მსგავსი შინაარსის განცხადებებს - როგორც მტკიცებულებებს, დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, არ ურთავს საქმეს, თითქოს ასეთი განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მაშინ, როდესაც რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოს თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ნებისმიერი ობიექტური პირისთვის აღიქმება სახელმწიფოს პოზიციის ფორმად.

წულუკიანის კვაზი-სასამართლო კომისიასა და იმ გავლენის ჯგუფის მიერ მართულ სასამართლოში, რომელთანაც თავის დროზე სასტიკად  დამარცხდა წულუკიანი, არავის აქვს სიმართლის დადგენის მოლოდინი, თუმცა ადრე თუ გვიან ეს გარდაუვლად მოხდება და წულუკიანის ეს განცხადებაც, ბევრს სხვას შორის, არსად გაქრება და ერთ-ერთი მტკიცებულებად იქნება გამოყენებული", - წერს სიჭინავა.