გავიზარდე ოჯახში, სადაც სააკაშვილი არასდროს მოსწონდათ, შეიძლება ითქვას, ზოგს სძულდა კიდეც, მაგრამ ის ისტორიული უსამართლობა, რაც ამ კაცის გარშემო ტრიალებს, არის ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის სირცხვილი.

"ჩემი ფორმულა მარტივია: სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მართავს ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ეს ფორმულირება გამოხატავს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღო.

ამ დაჩქარებული გადაწყვეტილების მიზეზები, ჩემი აზრით, რამდენიმეა:

1. სააკაშვილის სრული იზოლაცია – ხელისუფლებას სურს, რომ მომავალში მას ვიდეოჩართვების შესაძლებლობაც არ ჰქონდეს და მის პოლიტიკურ აქტივობებს მაქსიმალურად შეუშალოს ხელი.

2. გეოპოლიტიკური კონტექსტი – უკრაინის ბრძოლა და სააკაშვილის კავშირი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცალსახად მიუთითებს, რომ ისინი ერთ ბედს იზიარებენ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. სააკაშვილი, როგორც უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი, საჩვენებლად ისჯება.

3. სასამართლოს სწრაფვა მისგან თავის დაღწევისკენ – ქართული სასამართლო სისტემა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშოროს სააკაშვილის საქმეები.

ამ ვითარებაში მე მკაფიოდ ვგრძნობ უსამართლობას. გავიზარდე ოჯახში, სადაც სააკაშვილი არასდროს მოსწონდათ – შეიძლება ითქვას, ზოგს სძულდა კიდეც, მაგრამ ის ისტორიული უსამართლობა, რაც ამ კაცის გარშემო ტრიალებს, არის ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითი.

ირონიაც ეს არის: ჯერ მიუსაჯეს 9 წელი, შემდეგ – 12 წელი და 6 თვე. საბოლოოდ, ან დახვრეტას მიუსჯიან, ან 2030 წლის პატივსაცემად 30 წელს. ეს უკვე მარაზმია", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა სანქცირებულმა სასამართლომ.

"პირველი პრეზიდენტი მოკლეს, მეორეს ყოველ კვირა აფეთქებენ, მესამეს კი ასამართლებენ, რუსების გასახარად", - აღნიშნა სანიკიძემ.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა