"ევროსტრუქტურიდან 4 ოქტომბრის საქმეზე მხოლოდ წახალისება მოვისმინეთ, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მათ მიერ დაფინანსებული იყო“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი წლის შემდეგაც, 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპის შესაბამისი სტრუქტურებიდან რეაგირება არ ყოფილა.

"მე არანაირი განცხადება არ მომისმენია ევროსტრუქტურიდან, პირიქით მხოლოდ წახალისება ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერ დაგეგმილი იყო. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიწყო კამპანია სახელმწიფო გადატრიალებას და რევოლუციასთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება დაემხოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ თუ შევხედავთ, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით და საიდან იმართება, სწორედ ეს ჩანს, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ, რათა შემდეგ ქვეყანა და ქართველი ხალხი თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.