რუსეთს და ივანიშვილს თუ ახსენებ, დარბაზიდან გაგდებენ. ამ ე.წ. სარჩელის მთავარი შინაარსი არის რუსეთის ყველა მოთხოვნის შესრულება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ არ მისცა საშუალება, დეტალურად საუბრის.

"ჩვენ ბევრი შუამდგომლობა დავაყენეთ, ეს ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანას და გამოკითხვას, ეს ეხებოდა მოსამართლეების აცილებას. ასევე მე განვმარტე მთავარი - ამ ე.წ. სარჩელის მთავარი შინაარსი არის რუსეთის ყველა მოთხოვნის შესრულება და როგორც კი ვთქვი, რომ ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი, მოსამართლემ დაიწყო ყვირილი, მითხრა, რომ მე არ მაქვს უფლება პოლიტიკური განცხადების, ამ დროს კი პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ. მე ამ სარჩელის შინაარსი არის რუსეთთან მძიმე, ახალ საფეხურზე გადასვლა.

დავასაბუთე მე, რატომ მიგვაჩნია, რომ ეს სარჩელი პარტიების აკრძალვაზე და დემოკრატიაზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ რუსეთის დავალებით საქართველოს ბიძინა ივანიშვილი ამზადებს სერიოზულ საფეხურზე გადასაყვანად და ეს ეხება შეთანხმების ხელმოწერას და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამის მერე კი დაგვეწია კობახიძის განცხადება და ესეც ვუთხარი, რომ დასაბუთებას რომ მთხოვდა წარმოადგინეო, ამაზე მეტი დასაბუთება რა უნდა იყოსთქო. ძალიან ვეცადე, რომ არ ვყოფილიყავი ემოციური, მაგრამ არც მაცადა სიტყვის დასრულება. ამიტომ ვითხოვდი ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაზე მისვლასაც, მაგრამ არ დამასრულებინა და ეს არის ის, რისი გაგებაც არ უნდოდათ. რუსეთს და ივანიშვილს თუ ახსენებ, დარბაზიდან გაგდებენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. ის სხდომათა დარბაზიდან მთელი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში იქნება გაძევებული. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მიიღო.