კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” იმერეთის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა გიორგი კილაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ხვალ, 19 ივლისს, 19:00 საათზე თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან.

“ჩვენ დღეს ვებრძვით პრორუსულ ძალას, რომელსაც უნდა შეცვალოს ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებმა ზუსტად ვიცით, რომ რეალური თვითმმართველობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში. თუმცა დღეს საქართველოში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს. ეს არის ფეოდალებზე დამყარებული ძალა, რომელიც თვითმმართველობას იყენებს საკუთარი პირადი ინტერესებისთვის. რეჟიმის დასამარცხებლად მიგვაჩნია, რომ უპირველესი გზა არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. რეჟიმის დასამარცხებლად უმთავრესია მისი სრული იზოლაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს”, – განაცხადა გიორგი კილაძემ.