ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ზრდისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების პენსიონერების ფონდში გადატანას და პენსიის გაზრდას არა ოცი ლარით, არამედ 40 ლარით. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნაა ასევე, საწვავის აქციზის განახევრება.

"2027 წლის ბიუჯეტი არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტი ქართველი ხალხის ხარჯზე. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას იზრდიან 1 350 ლარით და ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს - პენსიონერებს, პენსიას უზრდიან მხოლოდ 20 ლარით. ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, ეს არის ნულოვანი თანაგრძნობა ჩვენი ღირსეული პენსიონერების მიმართ, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და ასე უფასებს "ქართული ოცნება" მათ ამ ყველაფერს.

ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ზრდისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების პენსიონერების ფონდში გადატანას და პენსიის გაზრდას არა ოცი ლარით, არამედ 40 ლარით. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით.

ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, საწვავის აქციზის განახევრებას და ჩვენი სამნაბიჯიანი პროგრამის ამოქმედებას. ეს საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს, რაც შვება იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ჩვენ მოვითხოვთ, მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ ხალხს და არა მეტი ფული "ოცნების" კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას არ უნდა ჰქონდეს ხალხის ძარცვის შესაძლებლობა. ეს ფული უნდა მოხმარდეს ჩვენს პენსიონერებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.