ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოიყენეს.

"ერთი  თვე გავიდა, რაც ქვეყანა ფართომასშტაბიანმა ყოველდღიურმა ლეგიტიმურმა პროტესტმა მოიცვა. საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია "ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით. ამასთან, ეს საპროტესტო აქციები, არსებითი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.

2024 წლის აპრილიდან სახელმწიფო მუდმივად იყენებდა პოლიციის ძალადობას, დაშინებას და სხვა პრაქტიკებს, რაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს. თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ.

აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები - წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.

აქტიური სპეციალური საშუალებების - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი - გამოყენების წესები, არა მარტო დაირღვა, არამედ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება მოხდა", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.