მე არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს სახელმწიფოს - ივანიშვილის და მისი ბანდის ერთიანი შემოქმედება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე არის კრიმინალური სინდიკატის ნაწილიც.

"ჩვენ 2013 წლიდან ვსაუბრობდით, რომ ეს ადამიანი იყო ბანდიტი და შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა. ფარცხალაძე არის ამ კრიმინალური სინდიკატის ნაწილიც, ამიტომ, რა თქმა უნდა, კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს ერთნაირად, ერთი ტრაექტორიით და მე არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს სახელმწიფოს - ივანიშვილის და მისი ბანდის ერთიანი შემოქმედება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს.  ბრალდების მხარე ოთარ ფარცხალაძისთვის წინასწარ პატიმრობასა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას მოითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.