მიხეილ ყაველაშვილის თქმით, წარსულში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის სპორტის უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის გაუქმებამ და ინფრასტრუქტურის დასუსტებამ, სკოლებში სპორტის მასწავლებლების დეფიციტი და სისტემური პრობლემები გამოიწვია.

"აღსანიშნავია, რომ სპორტის განვითარება პრემიერმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. სპორტის განვითარებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტით განვითარება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანის ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მავნე ზეგავლენისგან დაცვას.

არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით და საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი.

განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურის განადგურებასთან ერთად, გააუქმეს სპორტის ინსტიტუტი. 7-წლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების.  ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული, არც კი ატარებდნენ, ამან რა გამოიწვია - საქართველო არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში.

ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი", - განაცხადა ყაველაშვილმა.