მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი, ხო? თუ რაიმე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. 12-13 წელია საერთოდ არ გვქონია კონტაქტი,  - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბესარიონ ალავიძის განსახილველ საქმეებში არასდროს ჩარეულა. 

"მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ  უცხოეთში მიეღო თავშესაფარი, ხო? ისეთი აბსურდული თემაა. ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად... თუ რაიმე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. 12-13 წელია საერთოდ არ გვქონია კონტაქტი, არ შევხვედრივართ, არავითარი შეხება არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება, მერე როგორ აბსურდულ რაღაცებს იძახის, ქალბატონებს აბრალებს, რაღაც ოთახში ჩამკეტეს, ტელეფონი არ მქონდა, ვერ დავრეკეო. ქსელის ტელეფონიდან დაგერეკაო, რომ ეუბნებიან - ვერ დავრეკავდიო. რაზე ვსაუბრობთ... იძახის, რომ ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო - საბარგულში ჩავტენე? 

ქირურგთან ვიყავი შეთანხმებული, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინაო - ჩვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომელიმე ქირურგს რომ უთხრა არაფერი არ მჭირს, მაგრამ მოდი, ოპერაცია გამიკეთეო, წარმოგიდგენიათ ეს? ოპერაციის გაკეთება საქმის აცილების საფუძველი როდის ყოფილა? გაიკეთე ოპერაცია, გამოდი და განიხილე საქმე. "რუსთავი 2"-ის საქმეს მე მოვაწერე ხელი? რაებს მელაპარაკებით. რომელი იძულებით მოხდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ დატოვა ძალაში. მოსამართლე ხარ, ხომ? თუ რაღაცაზე წინააღმდეგი იყავი, რატომ მოაწერე ხელი? ვინ შეაშინა? სამი წლის წინანდელი ამბავია და თმის ღერი ჩამოუვარდა? რას მეუბნებით. სამი წელი თბილისში დადიოდა და შევხვედრივარ?

"ქართული ოცნების" პირობებში სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. მე მიმუშავია ადრეც და ახლაც და უამრავ მოსამართლეს, რომელიც თქვენც "გაგიპიარებიათ", მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ არ აწყობდეს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს ღერი თმა ჩამოვარდნია?

მე პრობლემა არ მაქვს, ჩვენება მივცე, მაგრამ იმდენად სასაცილო თემაა... " ,  - განაცხადა ლევან მურუსიძემ "ფორმულასთან".

იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა. აღნიშნულ ინტერვიუში ალავიძე ჰყვება, თუ როგორ ახორციელებდნენ ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეები.  ის ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემუქრნენ.