მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის, დემოკრატიისთვის მებრძოლების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ.

"კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. ჩვენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ერთგული ვართ და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, ხმის მიცემის უფლებას, შეკრების უფლებასა და რეპრესიების გარეშე ცხოვრების უფლებას მტკიცედ ვიცავთ. მრავალი თვეა ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. 

გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ. ასევე, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის, დემოკრატიისთვის მებრძოლების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე, გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორება გადაწყვიტეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი მიიღეს.