"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროკურატურას Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა.

მისი თქმით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც საქართველოს მიწები არაბებზე გაასხვისა.

"როდესაც 40 წლის წინ მე პროკურატურის შენობას ვაგებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის სათავეში მოექცეოდა კრიმინალი, ოლიგარქი მილიარდერი, რომელიც პროკურატურას გადააქცევდა პირადი მომსახურების სერვისად, გაყიდდა 10 მილიონ კვადრატულ მამულს, ქართულ მიწას კრწანისსა და გონიოში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ უკანონო და ამგვარ დანაშაულებზე პროკურატურას არ ექნებოდა რეაქცია, რის გამოც, მე მომიწევდა აქ მოსვლა და სპეციალური მიმართვის გადაცემა იმისათვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა დამნაშავე, ივანიშვილიდან დაწყებული, ქვემოთ,  მიეცეს პასუხისგებაში, რაც ამ სამარცხვინო დოკუმენტის გაფორმებით დაიმსახურეს.

გაჩუქებულია ქართული მიწა, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის, რათა საბოლოოდ აქ ქართული ჯიში და ჯილაგი გადაშენდეს, რასაც ვერ მოესწრებიან.  

მოვითხოვ დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მიეცნენ დამნაშავეები პასუხისგებაში, შეწყდეს კონტრაქტის მოქმედება, რადგან მისი გაფორმება განხორციელებულია ქვეყნის კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევებით და დისკრიმინაციული წესით, რაც მიზნად ისახავს, აქ გადააშენოს ქართული გენი, ქართული ხმა და გააღრმაოს დემოგრაფიული კატასტროფა. დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა. დარღვეულია მსოფლიოში აღიარებული ცივილიზებული წესები კონტრაქტის გაფორმებისა, როდესაც შემომსვლელ მხარეს, ანუ არაბულ კომპანიას არავითარი ვალდებულება არ ეკისრება, გარდა იმისა, რომ ტყე გაჩეხონ, გააცამტვეროს ყველაფერი, რაც აქ დახვდება, ააშენოს არაბებისთვის უძვირფასესი "პენტჰაუსები" და ნებისმიერ დროს მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ისე, რომ არაფერი სახელმწიფოს არ ჰკითხოს",  - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.