თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს. 30 წლის დაურ ბუავას ცხედარი დიღომში, ნაქირავებ ბინაში პოლიციამ აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.

მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ბლოგერი თბილისში საცხოვრებლად 2021 წელს ტყვარჩელიდან გამოვიდა. დაურ ბუავა საზოგადოებისთვის ცნობილი ქართულ-აფხაზური დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდამჭერი ვიდეოებით გახდა. 2022 წელს მის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში "ღალატის მუხლით" საქმე აღძრეს.