გიორგი ჩიკვაიძის ოჯახი აცხადებს, რომ ბიზნესმენთან ციხეში საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს. 

როგორც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის დედა "ტვ პირველთან" აცხადებს, პატაკის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მითითებით ციხიდან უკან გამოაბრუნეს.

ეკა წერეთლის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგის მოწამვლაზე ეჭვი გაუჩნდათ, ციხის საკვების ნაცვლად მას ოჯახი უგზავნიდა საჭმელს.

ჩიკვაიძის დედა მიიჩნევს, რომ ამ გზით გიორგიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

"მე, როგორც გიორგისთან დაშვებული პირი, საკვები წინა შაბათს შევიტანე და პრობლემა არ მქონია. დღესაც მივედი გამზადებული საჭმელით, სხვას ყველას შეატანინეს ვინც ხანგრძლივ პაემნებზე იყვნენ. მოგეხსენებათ, გიორგი იქაურ საკვებს არ ჭამს და ახლა სამი დღე იქნება ფაქტობრივად მშიერი, იმიტომ რომ მე არ შემატანინეს მასთან საკვები, რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვა იყო, რის საფუძველზეც არ მაძლევთ საშუალებას, რომ შევიტანო საკვები, არის თუ არა ამის პატაკი იმიტომ რომ საკვების დაშვება და აკრძალვაც უნდა იყოს პატაკით. როგორც მითხრეს პატაკი ჯერჯერობით არ არის და ეს იყო სიტყვიერი ასეთი მითითება. მივდივარ იქითკენ, რომ ეს არის, რაღაც ტიპის ზეწოლა გიორგიზე. რაღა ზეწოლა გინდათ, ადამიანი მოწამლეთ ციხეში, მიაჯაჭვეთ ეტლს, მიუსაჯეთ 9 წელი, მის მეგობარს 8 წელი. ციხეში გყავთ ადამიანი და  საჭმელსაც აღარ აძლევთ ადამიანს", - აცხადებს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი  პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.