უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათს, 12 მაისს ამოქმედდება, თუ კრემლი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მას ახალი სანქციები ემუქრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად ვითხოვთ, ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში მხარს გვიჭერს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს "ყოველგვარი პირობების გარეშე“.

მისი თქმით, ნებისმიერი პირობის წამოყენების მცდელობა ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ჩაშლის განზრახვის დასტურია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი: ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე. ამავდროულად, მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის უზრუნველყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.

"ეს ნამდვილად რეალისტურია. ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს 30 დღე, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. ამ დროის განმავლობაში, მუშაობა მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების დადგენაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა მოხარულია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და შინაარსიან დიპლომატიაზე გადასვლის მოთხოვნას ყველა უჭერს მხარს, არა მხოლოდ ევროპული ქვეყნები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელმაც ეს პირველმა შესთავაზა. "სხვათა შორის, ჯერ კიდევ 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის დროს“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერება, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია, აშკარა პრიორიტეტია. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამხმარე კონტინგენტიც უსაფრთხოების გარანტიების ძირითად ელემენტად უნდა იქცეს.

რა ემუქრება რუსეთს უარის თქმის შემთხვევაში

"თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, სანქციები უნდა იქნეს გამოყენებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განმარტა, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისა და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება.

"მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ სანქციების მკაცრი მე-17 პაკეტის მომზადება. ის კოორდინირებული იქნება დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და აშშ-ის სანქციებთან. ჩვენ მივესალმებით კანადის ძლიერ სიგნალს მათი მხრიდან სანქციების გამკაცრების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა დათანხმდა თავის პარტნიორებთან რუსეთის გაყინული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე მუშაობის გაგრძელებას. ამ საკითხის განხილვა დაგეგმილია G7-ის შემდეგ სამიტზე.

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს.

ყველა მოლაპარაკების შედეგად, შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების ბოლო ვადა დაუწესეს.

ცნობილია, რომ უკრაინა და მისი ყველა მოკავშირე მზად არიან 12 მაისიდან დაწყებული, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.