საქართველო გმირების ქვეყანაა, ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე, ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები დაღუპული ჯარისკაცების სულისთვის პატივის მისაგებად ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ.

"მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მოვიხსენიეთ ჩვენი გმირების სულები. საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის.

ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე, ისე დანარჩენები, ყოველთვის გმირები იქნებიან. მათ ვერავინ ვერასდროს დააკნინებს. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.