საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კარგია, მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა და არა მარტო განცხადებების დონეზე დარჩენა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა "ქართული ოცნების" დამოკიდებულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ახლა ვითარება საქართველოსთან დაკავშირებით უკეთესი იქნებოდა.

"ახლა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კარგია, მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა და არა მარტო განცხადებების დონეზე დარჩენა იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, სირიაში შეიცვალა რეჟიმი და მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ კონტაქტზეა ჩვენს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რომ არა ის ცუდი დამოკიდებულება, რაც ჩვენ აშშ-სთან ახლა გვაქვს, მოხდებოდა უხეში ჩარევა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და აღიარებას გააუქმებინებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები სწორად გადაიდგას რამდენიმე მიმართულებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტთან მუშაობა, მაგრამ დღეს "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო დეპარტამენტთან არანაირი შეხება არ აქვს და სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ განაცხადა, თუ რა დაათბობს ამ ურთიერთობებს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.