პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"მისი პირადი რელიგიური მოსაზრებები საერთოდ არ მაინტერესებს - ქოცი კი არ ვარ, ხალხი რელიგიური ნიშნით დავყო და ვინ რამდენი ფოტო გადაიღო და რამდენი კურცხალი გადმოყარა, ის ვითვალო და რაიმე მნიშვნელობა მივანიჭო. ამით ქოცები სპეკულირებენ, როგორც ზოგადად სჩვევიათ ტრაგედიებით მოვაჭრეებს.

აქ ამბავი ის არის, რომ საკუთარ საქმეს არ ასრულებს ეს კაცი, რაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანის შეუსრულებლობა, უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობაა, მეორეს მხრივ კი, გარდაცვლილის და მისი ჭირისუფლის უპატივცემლობა.

სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ყოფილიყო. არა - პარტიულ შეკრებაზე გაიქცა, მისი და ივანიშვილის პირადი საკითხების "დასალაგებლად". სამარცხვინო!" - წერს გვარამია.

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა.