პეტერ ფიშერი დაიბარეს გერმანიაში სწორედ იმისთვის, რომ ახლიდან გადახედონ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი წარმოადგენს გერმანიის პოზიციას და რასაც პეტერ ფიშერი აჟღერებდა.

"გერმანიის ელჩი წარმოადგენს გერმანიის პოზიციას და რასაც პეტერ ფიშერი აჟღერებდა "ქართული ოცნების" მიმართ, იყო სწორედ ის პოზიცია, რასაც გერმანია ფიქრობს, შესაბამისად, გერმანიის საგარეო პოლიტიკის თანხვედრაში იყო პეტერ ფიშერის განცხადებები.

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან კი სცადა, რომ გერმანიას და არა მარტო გერმანიას, ევროპის დანარჩენი ქვეყნების ელჩებსაც არ ჰქონოდათ შეხვედრები პროდასავლურ პარტიებთან, არ შეხვედროდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეხვედროდნენ მხოლოდ "ქართულ ოცნებას", მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს და ამიტომ საუბრობენ ახლა ნიშნის მოგებით, რომ პეტერ ფიშერი გააძევეს ქვეყნიდან. ეს გაძევება არ არის, პეტერ ფიშერი დაიბარეს გერმანიაში სწორედ იმისთვის, რომ ახლიდან გადახედონ საქართველოში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.

როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს, შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა.