"ქართულ ოცნებას" შეუძლია, რომ დროში გადასწიოს ამ მექანიზმით მიღებული ანგარიშის შედეგები, მაგრამ ხომ იცით, ეს სიკვდილივითაა - ის აუცილებლად მოვა, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პირდაპირ არის ერთმანეთზე დამოკიდებული ის, თუ როგორ მოიქცევა "ქართული ოცნება"  და რას გადაწყვეტს ეუთო.

"შემიძლია, დავარწმუნო ყველა "ქართულ ოცნებაში", რომ ამ წუთის მდგომარეობით ეს ანგარიში დევს პრაქტიკულად ყველა მაგიდაზე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება ეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ორმხრივ ურთიერთობებში თუ იქნება, მაგალითად, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, საიდანაც მიღებული კრედიტებით ცხოვრობს დღეს "ქართული ოცნება" და აფინანსებს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ ფეთქავს.

დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" შეუძლია, რომ დროში გადასწიოს ამ მექანიზმით მიღებული ანგარიშის შედეგები, მაგრამ ხომ იცით, ეს სიკვდილივითაა - ის აუცილებლად მოვა. თუკი "ქართული ოცნება" ხვალ გამოვა და იტყვის, რომ იწყებს შესრულებას და მაგალითად, რაც ყველაზე მარტივია, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს მაშინვე და ამით აჩვენებს როგორც კეთილ ნებას ასევე მოქმედების მზაობას, რა თქმა უნდა, მყისიერი საფრთხის საკითხი მოიხსნება. პირდაპირ არის ერთმანეთზე დამოკიდებული ის, თუ როგორ მოიქცევა "ქართული ოცნება", - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.