როგორც ოროსან მოსწავლეებს, არ მოეწონათ მიღებული შეფასება და ახლა დაიწყეს საუბარი, რომ შემფასებელი არასწორიაო, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" თვითონაც შეეძლო, დაენიშნა ექსპერტი, რაც არ გააკეთეს.

"მათ ეს დასკვნა ნანახი აქვთ, ამის საპასუხოდ მომზადებული აქვთ თითქმის ასი გვერდი პასუხი. როდესაც ეს მექანიზმი შეიქმნა, "ქართულ ოცნებას" თვითონაც შეეძლო, დაენიშნა ექსპერტი. თუ ისინი ექსპერტს მიიჩნევენ სადავოდ, მის კვალიფიკაციას იწუნებენ, მაშინ მათ შეეძლოთ ამ ექსპერტთან ერთად დაენიშნათ მათთვის მოსაწონი ექსპერტი, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ამ ნაბიჯით, რა თქმა უნდა, ნდობა გამოუცხადეს ექსპერტს. როგორც ოროსან მოსწავლეებს, არ მოეწონათ მიღებული შეფასება და ახლა დაიწყეს საუბარი, რომ შემფასებელი არასწორიაო, რაც, რა თქმა უნდა, სასაცილოა და ყოველგვარ არგუმენტს არის მოკლებული", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. აღნიშნულს  "ქართული ოცნება " აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შემფასებელმა ექსპერტმა მანდატი დაარღვია.