"ქართული ოცნება" მუდმივად არღვევს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპის კავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ერთ მხარეს არის ევროპის კავშირი, მეორე მხარეს - საქართველო.

"ნებისმიერი შეთანხმება მოიცავს, მინიმუმ, ორ მხარეს. ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ერთ მხარეს არის ევროპის კავშირი, მეორე მხარეს - საქართველო. როდესაც შეთანხმების ერთი მონაწილე მუდმივად არღვევს შეთანხმებით გათვალისწინებულ მუხლებს, მეორე მხარე ამ შეთანხმებაში ვერ დარჩება. "ქართული ოცნება" მუდმივად არღვევს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპის კავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას. მაგალითად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო რეპრესიული კანონები, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს ევროპის კავშირში და თქვას, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და იდევნება, ან არის მედიის წარმომადგენელი და იდევნება, ან მოქალაქეა და მისი უფლებები ილახება - ეს ყველაფერი იცის ევროპის კავშირმა. 

ევროპის კავშირი არის დემოკრატიის სივრცე, ადამიანის უფლებების დაცვის სივრცე და ასეთ დროს ევროპის წევრი სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები პოლიტიკური თავშესაფრის განცხადებების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.