ქართული ოცნება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. ინფორმაციას ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი ავრცელებს.

მის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება.

"ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები მადარდებს. ამ (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ: როსტოვის, კრასნოდარის, ლომონოსოვის და უნივერსიტეტებისთვის არ გაწირონ ისინი. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ ამ პოსტს "მისქრინავენ" ან „მოაკოპირებენ“ და გადააზიარებენ. იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე.

ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ. ამ პირობებში, ჩვენთან ისევ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს (უბერავს კიდევაც).

მე აღარ მესმის, ამის და სხვა უფრო მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ, კიდევ როგორ გწამთ და გჯერათ პარტიის?" - წერს სუყაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სამინისტროს შეუერთდება.