დეა მეტრეველი 2024 წელს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი წლის წინ 29 დეკემბერს, როცა ხალხი სალომე ზურაბიშვილს ემშვიდობებოდა და მის სიტყვას ელოდა, რეზიდენციის ღობეზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი იყო ასული და მაშინ ეს კონსტრუქცია არც კი დაზიანებულა.

"ეს ფოტო 2024 წლის 29 დეკემბერს არის გადაღებული - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეს მისი სიტყვის მოსასმენად მისული მოქალაქეები და მედია ათონელის რეზიდენციის გარეთ ელოდება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. ათობით უცხოელი და ქართველი ჟურნალისტი ღობის მეორე მხარეს კამერებით (საკმაოდ მძიმე ინვენტარი) საკმაოდ მჭიდროდ (ხშირად ორ რიგადაც) ზემოთ ასული იღებდა პრეზიდენტის გამოსვლას. ეს ღობე თუ ასეთი “მგრძნობიარე” იყო, ის აუცილებლად დაზიანდებოდა, მინიმუმ დეფორმირდებოდა. ხოდა, რანაირად მოხდა, რომ 4 ოქტომბერს 4 წამში 5 კაცის ჯაჯგურით გადავარდა თუ წინასწარ არ იყო გადასავარდნად გამზადებული? ან ის ხალხი ვინ იყო, ვინც პირველებმა ჯაჯგური დაუწყო და სხვები აიყოლია… ძალადობისკენ მოუწოდა? ამ კითხვებზე არის პასუხები?

4 ოქტომბერი იყო მახე, რათა უფრო მეტი ადამიანი გაემწარებინათ! სამართლიანი უწყვეტი პროტესტი ძალადობრივად მოენათლათ და დაესრულებინათ.

ათობით მოქალაქე (ზოგი უმძიმესი ჯანმრთელობის პრობლემებით, ზოგიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი) დააკავეს და უხარიათ. თანაგრძნობა 0 აქვს რეჰიმს… უკვე ვიცით.

თუმცა, ჩვენი უპირობო სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ადამიანებს - 46 ახალი პოლიტიკური ტყვე გვყავს ქვეყანაში.

ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ “მორყეული ღობის” სიუჟეტს ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის გადაცემაში", - წერს მეტრეველი.