პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ "რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა. რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით,  - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ საქმეს არც კუნთები შველის და არც ხელისუფლების მხარდაჭერა.

"წავიკითხე იმ გონებაჩლუნგი ბიჭის ბოდიალი. ნიშანდობლივი რამე უთქვამს: თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო.

პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.

რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით და ეგ მორევაზე არსად და არასდროს ყოფილა და არც იქნება. არც კუნთები შველის, არც ხელისუფლების მხარდაჭერა, არც ტრადიციებსა და წინაპრებს ამოფარება: ასეთია ძალადობის სპირალის შეუბრალებელი დიალექტიკა. 

რაღაც დროს, კიდევ უფრო თავზეხელაღებული, ვინმე „კაი გოგოს ძმა“ ან „კაი ბიჭის შვილი“ 90-იან წლებში გავრცელებულ უბნელეს ფორმულას გაიხსენებს: „სპიცა ღვიძლში“.

ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ: ყველა მიწაში წევს, ვინც ეგ ბოლოს სცადა. არც წინაპრების ტრადიციების მთავარი ფუნდამენტის, ბიბლიის ცოდნა გეტყობათ: "ყველანი, ვინც აიღებენ მახვილს, მახვილითვე დაიღუპებიან“, - წერს ნიკა გვარამია.

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.