რეზოლუცია, როგორც მოსალოდნელი იყო, არის ძალიან მტკივნეული "ქართული ოცნებისთვის", -  ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო შეფასებები უაღრესად კრიტიკულია "ქართული ოცნების" მიმართ.

"რეზოლუცია, როგორც მოსალოდნელი იყო, არის ძალიან მტკივნეული "ქართული ოცნებისთვის".  ამ და კიდევ ეუთო ოდირის დოკუმენტით ჩვენ შევძლებთ, საბოლოო ჯამში, შევაფასოთ "ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო პერიოდი. საერთაშორისო შეფასებები უაღრესად კრიტიკული და მტკივნეულია, ჩვენ გვესმის საუბარი პოლიტიკური საქმიანობის გამო დაკავებული ადამიანების შესახებ, რაც არის პოლიტიკური პატიმრების ფაქტობრივი აღიარება. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ ამ დროში "ქართულმა ოცნებამ" არ გადადგა რაიმე ტიპის ნაბიჯები ევროპისკენ და კიდევ უფრო მეტი დრაკონული კანონი მიიღეს, კიდევ უფრო მეტად ცდილობენ, რომ საქართველო დააშორონ ევროპულ სივრცეს, თუმცა მაინცდამაინც წარმატებით არ გამოსდით, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“.