ზესტაფონის ფეროს უცხოელი ინვესტორის ქონებას მთავრობის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრაცია მართავს ათი წელია, მისი უფროსის, რომელსაც მეტსახელად რიჟად მოიხსენიებენ, ციხეში გაშვება და სხვა პირით ჩანაცვლება დიდძალი ფულის ახალ არხებში გადადინებას ნიშნავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.

"რიჟას იჭერენ?! არაა გამორიცხული, რომ რკინიგზაში განხორციელებული დაკავებების შემდეგ რიგი ზესტაფონის ფეროზეც მიდგეს. ასჯერ მეტია ის, რისთვისაც რკინიგზაში დააკავეს - იქ ჯართის გაყიდვასა და რაღაც წვრილმან ოპერაციებს ედავებიან. ეს არ ნიშნავს, რომ რკინიგზაში კოლოსალური თანხების მითვისება არ ხდება. მხოლოდ ამ კონკრეტულ დაკავებაზე ვსაუბრობ.

რაც შეეხება ფეროს, უცხოელი ინვესტორის ქონებას მთავრობის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრაცია მართავს აგერ უკვე ათი წელია. მისი უფროსის, რომელსაც მეტსახელად რიჟად მოიხსენიებენ, ციხეში გაშვება და სხვა პირით ჩანაცვლება დიდძალი ფულის ახალ არხებში გადადინებას ნიშნავს.

რატომ შეიძლება, რომ ჯერჯერობით ამ ზომებს არ მიმართონ? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის „რუსთავი 2“-ის ფარული დაფინანსება ოფშორებში გატანილი ფულიდან. გარდა ამისა, ფული იქაც მიაქვთ, სადაც საჭიროა, მათ შორის პარტიაშიც, მაგრამ რაც რჩება, იმდენად დიდია, რომ ღარიბაშვილის ჩანთაში აღმოჩენილი შვიდი მილიონი დოლარი სასაცილოდ მოგვეჩვენება. როგორც იტყვიან, დაველოდოთ მოვლენებს", - წერს გოცირიძე.