მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც იქნება ერთობა, ამიტომ ვთვლი, რომ სერიოზული ერთობა უნდა იყოს 13 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც იქნება ერთობა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"შესაძლოა, რაღაც სიტყვებს მე არ ვემხრობოდე, იმიტომ რომ არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი სცენარები არსებობს. ასევე, ის, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, რადგან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ნათქვამი მაქვს, რომ არჩევნები ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო. ეს იყო შემოგდებული თემა, ოპოზიციის დაყოფისთვის. მე არ ვეთანხმები მათაც, ვინც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ არ მგონია, ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, რადგან არ არსებობს ეს არჩევნები, ერთობა და ერთად დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს იგივე ამერიკის და ევროკავშირის  ყურადღებას და მხარდაჭერას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია და რუსეთის დომინაციის ქვეშ დაბრუნება, ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს ამერიკას.

"საქართველო დღესაც იმავე ორიენტაციაზეა, რაზეც იყო საუკუნეების მანძილზე. ჩემი როლია, ეს გზავნილი მივიტანო ამერიკელებთან, რომ მათი 30-წლიანი პოლიტიკა, მათი ჩადებული ინვესტიცია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველაფერი, რაც გააკეთეს, რომ საქართველო შემდგარიყო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს ყველაფერი დღეს საფრთხის ქვეშაა. ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია და რუსეთის დომინაციის ქვეშ დაბრუნება. ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს ამერიკას. არანაირი საბაბი იმის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს. არ არსებობს ეს არჩევნები და ერთად დგომაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს გააძლიერებს ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას. 

როგორც მან აღნიშნა, ჰელსინკის კომისიას უკვე აქვს შეგროვებული მტკიცებულებები ავტორიტარიზმისა და უკანონო დაპატიმრებების შესახებ. 

"ეს არ არის პირველი მოსმენა, ყველა ის კანონი, რაც მიღებული იქნა, ყველა ის უკანონო დაპატიმრება უკვე შეგროვებულია ჰელსინკის კომისიაში. ამერიკა, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით და ახალი სატრანზიტო გზებით დაინტერესებული მხარე, არ უნდა ივიწყებდეს, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება ამერიკული ინტერესებისთვის ძალიან დიდი უკან დახევაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ დაგეგმილ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.