მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველზე მომიტინგეებთან ერთად მივდიოდი და კუთხეში შეყუჟული პოლიცია დავინახე, ერთ დროს საამაყო და ღირსეული პოლიცია, რომელიც ახლა კუთხეშია დამალული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, "ხალხს მარტივ კითხვაზე აინტერესებს პასუხი“.

"მე  დღეს გაყინული წყლის ბოთლი არ მიჭირავს, რომელსაც აქციის მონაწილეებს და პოლიციას  „ტიტუშკები“ ურტყამენ, თუმცა სადეზინფექციო ხსნარი აღმომაჩნდა ჩანთაში. ვეკითხები ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროს ლაშა სალუქვაძეს, მე რომ ახლა ეს ბოთლი ავიღო და თავში მას ვესროლო, ან ნებისმიერ ამ პოლიციელს, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, დამიჭერენ? დამაკავებენ? რა თქმა უნდა, მაშინვე. ერთი უბრალო პოლიციის უფროსის, დგებუაძის გამო, რომელმაც წლების წინ, ჯერ კიდევ ჩემი მეუღლე დააკავა, იმის გამო, რომ სილა გაარტყა, მზია ამაღლობელი  წლობით ციხეში ჩააგდეს. გუშინ კალაძის „ტიტუშკები“ პოლიციელებს გაყინული წყლის ბოთლებს უშენდნენ, ეს პოლიციელები კი არა თუ საქართველოს მოქალაქეებს დაიცავენ, საკუთარ ღირსებას და მუნდირს ვერ იცავენ. ეს არის სახელმწიფო? აღარ გვაქვს სახელმწიფო. ამიტომ უნდა დავიბრუნოთ. პოლიციასაც უნდა დავუბრუნოთ ღირსება და ამას გპირდებით. ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, სახელმწიფოსაც დავიბრუნებთ და ეს პოლიციელებიც ღირსებას დაიბრუნებენ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრება გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს, რა დროსაც მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.