ვიყოთ ფხიზლად, მაგრამ არ მივეცეთ ამ უიმედობას, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ უარი ვთქვათ სადაც უარი იქნება სათქმელი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს, ხალხს აჩვენოს, რომ რუსეთი საქართველოს მოკავშირეა.

"ის ფორმატი, რაზეც ახლა წამოიწია თემა, ახალი არ არის. არანაირი სიახლე აქ არ არის, გარდა იმისა, რომ მე მგონი, უფრო ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ აი, რაღაც სიახლეები ხდება იმ დროს, როცა ყველაფერი გაყინული არის ევროკავშირთან და ეუბნებიან ხალხს, რომ ნახეთ, აქეთ - რუსეთთან არის რაღაცა შეგრძნება ისეთი, რომ ახალი მოლაპარაკებები და ახალი ფორმატებია. ესენი ნელ-ნელა ცდილობენ, რომ მიგვაჩვიონ ამ აზრს და ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, მიგვაჩვიონ იმას, რომ შეიძლება რაღაც უფრო რადიკალური ნაბიჯი გადაიდგას რუსეთის მიმართულებით და ამიტომ მიდის ეს ლაპარაკი, ასევე გეორგევსკის ახალ ტრაქტატზე, ეს ვითომც ახალი ფორმატია, რომელიც არ არის ახალი, ცდილობენ, მიგვაჩვიონ იმ დონეს, როცა დადგება მათთვის სასურველი დღე, როცა რაღაც ნაბიჯს გადადგამენ. უნდათ, რომ იმ ნაბიჯზე უკვე ვიყოთ რაღაცნაირად შეჩვეული, რომ რეაქცია ხალხისგან არ იყოს ისეთი მკვეთრი, როგორც უნდა იყოს თუ რამე ნაბიჯი გადადგმული იქნება რუსეთის მიმართულებით. ასე რომ, ვიყოთ ფხიზლად, მაგრამ არ მივეცეთ ამ უიმედობას. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ უარი ვთქვათ სადაც უარი იქნება სათქმელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა.