აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ. როგორ მოვახერხეთ და დუგინის, მედვედევისა და ზახაროვას გამორჩეულად საქებარ ქვეყნად ვიქეცით, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საშინელი წლების აჩრდილი დაძრწის და ექო ღრიალებს ირგვლივ. ქართველებმა თითქოს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი დაკარგეს.

"აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ. როგორ მოვახერხეთ და დუგინის, მედვედევისა და ზახაროვას გამორჩეულად საქებარ ქვეყნად ვიქეცით. აი, ასეთი დღევანდელობა დაგვიდგა.

რა უნდა მიხაროდეს, ამდენი ხნის ნაწვალები, ჩემი ცოტა და სხვათა ბევრი ღვაწლი რუსეთიდან მოვარდნილ ქარს და წყალს მიაქვს. სამწუხაროა, რომ ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა მძევლად აიყვანა ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მზადაა ისე იმოქმედოს თუნდაც მათ შემდეგ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს. ხალხს დააჯერეს, თითქოს სამშობლოს ბედზე გულდამწვარი, ერთადერთი პატრიოტები თავად არიან და სხვა ტიპის პატრიოტიზმს არათუ არ უშვებენ, ღალატად და უსამშობლოობად ნათლავენ, რათა განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციით რადიკალურად გახლიჩონ საზოგადოება. ისტორიულადაც ხომ, ვითომდა ქვეყნის ინტერესების გამო ხდებოდა დასმენები და რეპრესიები.

მოკლედ, საშინელი წლების აჩრდილი დაძრწის და ექო ღრიალებს ირგვლივ. ქართველებმა თითქოს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი დავკარგეთ", - წერს გოჩა ჯავახიშვილი.