მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის საქმე შეისწავლა, მის ნათესავებში მოიკითხა და რაღაც ახალი დეტალები გაარკვია, რა დროსაც შეიტყო, როგორ იმალებოდა მშობლიურ სოფელში რიჟვაძე მას შემდეგ, რაც “სუსის 36-ე ჩინოვნიკმა დაურეკა და ბიძინას დანაბარები გადასცა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ“.

დუმბაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ მიიღო ფსიქოლოგიური შოკი რიჟვაძემ, რომელიც უბრალოდ ფორმალურად იყო აჭარის პირველი პირი და სინამდვილეში კი რეგიონს მისი მამა მართავდა და ყველა ბიზნესის თუ ჯიხურის წილში იჯდა.

დუმბაძე ადასტურებს, რომ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ნამდვილად ჰყავდათ დავით რიჟვაძე დაპატიმრებული და სწორედ იმ წილებიდან აღებულ ფულს სთხოვდნენ, რომელიც მან შვილის მმართველობის პერიოდში დააგროვა.

"თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ როცა რიჟვაძე გადააყენეს ივანიშვილმა დაურეკა, არა 36-ე ჩინოვნიკმა დაურეკა სუსის და უთხრა, რომ ბიძინამ თქვა, შენ უნდა გადადგეო. ბიჭმა მიიღო ფსიქოლოგიური შოკი და გაიქცა მის მშობლიურ სოფელში, მაღალმთიან აჭარაში და იქ იმალებოდა, სადაც ააკითხა ახვლედიანმა და ჩაიყვანა საგარეჯოში, სისხლი რომ დაღვრილიყო და ეს საქმე არ გახმაურებულიყო, ჩვენ ვერაფერსაც ვერ გავიგებდით. ეს ბავშვი ჩვენ დავღუპეთ, მას “ოცნებამ“ ლიდერთა შორის ლიდერი უწოდა, იმიტომ რომ ახვლედიანმა მეოთხე შვილი უწოდა, შეიძლება ასეთი საუბარი ოფიციალურ პირებზე ტელევიზიებთან?

ამ პერიოდში რეგიონს რიჟვაძე შვილი კი არა მამა მართავდა, ის იყო ყველა ბიზნესმენის წილში, ყველა სართულის და ბუტკის წილში. ყველგან საცეცები ჰქონდა, ანგარიშები მას ჰბარდებოდა, დავით რიჟვაძე იყო მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს იყო მარბიელი და ავაზაკი, ასლან აბაშიძის დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს და გააგრძელა “ქართული ოცნების “დროსაც. ეს კაცი გამოარჩია ბიძინა ივანიშვილმა, ვიღაცის მეშვეობით, მიიყვანა და დასვა მთავრობის თავმჯდომარედ, წარმოგიდგენიათ რა უტიფრობასთან და თავხედობასთან გვაქვს საქმე? დადასტურებულად ვიცი, რომ რიჟვაძის მამა დაპატიმრებული ჰყავდათ და მისგან ფულის ამოღებას ითხოვდნენ, იმ ფულის, რომლებიც წილებიდან მიიღო. ყველა ბიზნესმენი ანგარიშვალდებული იყო ამასთან, ჯიხური, რომ ჯიხურია, ის ვერ იდგმებოდა მის გარეშე", - განაცხადა დუმბაძემ გადაცემა “რეაქციაში“.

მისივე თქმით, რა მოხდა საგარეჯოში, საზოგადოებისთვის ბოლომდე ცნობილი მანამ ვერ გახდება, ვიდრე ახალი ხელისუფლება არ იქნება ქვეყანაში.

"სანამ ეს ხელისუფლება იქნება, რიჟვაძე იქნება „ქართული ოცნების“ ისეთივე მონა, როგორიც იყო აქამდე", - აღნიშნა მან.