საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია. თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია იქნა მოხდენილი "ჯენზის" მიერ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ფლანგზე ორი პარტია ცდილობს, რომ დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ „ოპოზიციად“ და გვერდზე გასწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად.

"ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა ხდება პარტიების ფლანგზე. ორი პარტია ცდილობს, რომ დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ "ოპოზიციად“ და გვერდზე გასწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად. ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები. ტელევიზიებზე დააკვირდით, რომ ბოლო ხანებში ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ადრე, იწვევენ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (რაც მე ძალიან მახარებს) და უსვამენ ერთი და იმავე კითხვებს - "იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მარცხზე“, რა მოხდება თუ 4-ში ყველაფერი არ დამთავრდა“. თავისთავად, ეს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება ნათლად მეტყველებს, რომ „ლოიალურ ოპოზიციას“ მთელი გათვლა აქვს საპროტესტო მოძრაობის მარცხზე და კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციაზე. ე.ი. მათ მთელი ფსონი აქვთ დადებული რუსული რეჟიმის დარჩენაზე. რამდენად მორალურია ეს პოზიცია თქვენ თვითონ განსაჯეთ. საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია. თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია (ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი) იქნა მოხდენილი „ჯენზის“ მიერ და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.