საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

საელჩოს ინფორმაციით, ზურაბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგებთან, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია.

"მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერისთვის.

ცალკე აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა სფეროში, ასევე კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებისთვის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კერძოდ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის (GUAM) საქმიანობის მსვლელობისას.“ გ. ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა პერსპექტივებს, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძოდ, „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში.

დ. ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას", - აღნიშნულია უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული.