პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, რომელიც პატიმარ დავითაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემიდან ჩახსნა.

ჭალიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში იყო მიწვეული, ტელევიზიის შიდა სივრცეში შევიდა და პროტესტის ნიშნად ეზოში ბანერი გაშალა, წარწერით - "არა პატიმრების წამებას". მანვე ასევე დავითაძეების ოჯახისთვის ეთერის დათმობა მოითხოვა.

როგორ ჭალიძე აცხადებს, შენობაში შესულს, უკვე  ფოიეში მას ვასილ მაღლაფერიძე დახვდა და უთხრა, რომ ეზოში გაკეთებული განცხადების გამო, გადაცემაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში ჟურნალისტი დავით პაიჭაძეა წამყვანი და გადაცემაში გახლდით მიწვეული. ჯერ კიდევ გუშინ შეთანხმდა და უნდა ყოფილიყო ზოგადი საუბარი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით... დღეს ვიყავი პენიტენციურთან აქციაზე [პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის] და გამოვყევი მსვლელობას. დათქმულ დროს მე შევედი, ეთერში უნდა ვყოფილიყავი და შესასვლელში გამოვიყენე ჩემი უფლება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოსთან, ეზოში გავშალე რამდენიმე პლაკატი - არა წამებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმოს პატიმრების მშობლებს.

ფოიეში შემომხვდა ვასილ მაღლაფერიძე. მქონდა 5-7 წუთიანი საუბარი, მოვახსენე დეტალურად თუ რა ხდება გარეთ, რა მოთხოვნები აქვთ მშობლებს და მას ვთხოვე იქნებ რამედ ჩააგდოთ ეს ადამიანები, გახვიდეთ, შემოიყვანოთ და თუნდაც გაესაუბროთ, მოუსმინოთ, ეს არის ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია. მაღლაფერიძეს ჰქონდა თავის მოსაზრებები, რომ არ აპირებს მსგავსი აქციებით და აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას და ა.შ. ამ საუბრის დასასრულს გამომიცხადეს, რომ რადიო-გადაცემაში სტუმრად დაბლოკილი ვარ და გამომიშვეს უკან. ანუ, დაგეგმილი გადაცემა ჩავარდა იმიტომ, რომ თავისუფალ სიტყვას თურმე ასე პასუხობენ", - განაცხადა თეონა ჭალიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.