დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეჯერება კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება.

"კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.