გახარიას პარტიის განცხადება “ჯორჯიან მანგანეზის”, ანუ ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოების ე. წ. ნაციონალიზაციის შესახებ, არის პოპულისტური და მავნებლური, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში დამნაშავეა ივანიშვილის რეჟიმი და საწარმოს ივანიშვილის მთავრობის ხელში გადაცემის მოთხოვნა არასერიოზულია.

"გახარიას პარტიის განცხადება “ჯორჯიან მანგანეზის”, ანუ ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოების ე. წ. ნაციონალიზაციის შესახებ არის პოპულისტური და მავნებლური. ეს არის უცხოელი ინვესტორის ქონების მიტაცება, საითკენაც მიჰყავდა 2017 წლიდან “ოცნების” კლანს ეს პროცესი. სინამდვილეში კარგა ხანია, იგი სახელმწიფოს მართვაშია. ამ ხნის განმავლობაში გაძარცვეს საწარმო, დაუგროვეს ათეულ მილიონობით ლარის ოდენობის საბიუჯეტო დავალიანება და ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაყიდონ ერთ ლარად. მყიდველი ვინ იქნება, არაა ძნელი მისახვედრი. 

საწარმოში, რომელიც შევარდნაძის  დროს სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად ვერ გაიყიდა, უცხოელმა ინვესტორმა ჩადო ასობით მილიონი დოლარი, რომლის შემდეგ იგი გახდა ნომერ პირველი საექსპორტო საქონლის მწარმოებელი და პრივატიზაციიდან დღემდე რამდენიმე მილიარდი დოლარის პროდუქცია აქვს გაყიდული საზღვარგარეთ. 

ნაცვლად იმისა, რომ ამ საწარმოში დასაქმებულ ათასობით ადამიანს და მთელ საზოგადოებას აეხსნას, სწორედ რომ სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლამ გამოიწვია მისი გაკოტრება, რასაც შეიძლება ჭიათურაში მადნის მოპოვების საერთოდ შეწყვეტა მოჰყვეს ტყიბულის მსგავსად, “რენაციონალიზაციის” აბსურდულ წინადადებას აყენებენ. პრივატიზაციის შედეგების რევიზია პუტინის გეგმას წააგავს, რომელიც რუსეთში წამოიწყეს. 

შექმნილ ვითარებაში დამნაშავეა ივანიშვილის რეჟიმი და საწარმოს ივანიშვილის მთავრობის ხელში  გადაცემის მოთხოვნა არასერიოზულია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"გახარია საქართველოსთვის" "ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "გახარია საქართველოსთვის" საუბრობს საწარმოს "რე-ნაციონალიზაციის“ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. აღნიშნული ინიციატივა ასახულია პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც".