თუ რეალური დებატების გამბედაობა გაქვთ, ახლაც გიწვევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ, ოღონდ არა იმ ფარსში, რომელიც შემოგვთავაზეთ, არამედ ერთი ერთზე დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მინდა დავეთანხმო ქალბატონ წილოსანს, უფრო სწორად მას, ვინც ეს ტექსტი დაუწერა - დებატები ნამდვილად იყო რადიკალური ძალის მიერ შეწყვეტილი ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს დავაზუსტოთ ვინ არის ეს რადიკალური ძალა. ეს რადიკალური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელმაც 5 წლის წინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველანაირ დებატზე თქვა უარი და ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საკუთარი ტელევიზიების ეთერებიდან ესაუბრება საქართველოს მოსახლეობას. რატომ ხართ რადიკალური ამასაც შეგახსენებთ - თქვენი რადიკალური ქმედებებით როგორ ძალადობთ ადამიანებზე და როგორ ცდილობთ, თქვენ მიერ მიტაცებული ძალაუფლებით საერთოდ გააუქმოთ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი. რაც შეეხება თავად დებატებს, მინდა გითხრათ შემდეგი რამ, როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, ვგულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა, როდესაც „ოცნება“ ადგა და საკუთარ სატელიტურ პარტიებთან ერთად შემოგვთავაზა არა პოლიტიკური დებატი, არამედ ერთგვარი „ბრეინ შტორმინგი“, რაღაც იდეებზე, რომელიც თქვენ დიდი წარმატებით შეგეძლოთ თქვენს პარტიულ ოფისში მოგეწყოთ. ამიტომ ჰქონდა ყურებადობა ისტორიულად, ალბათ, ყველაზე დაბალი და ეს უნდა გაფიქრებდეთ რაღაც-რაღაცებზე - 500 ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში, ეს 500 ადამიანიც ვინ იყო ესეც საკითხავია, ალბათ, თქვენი პარტიული აქტივი.

ჩვენი მონაწილეობით დებატის რეიტინგი როგორია თუ გაინტერესებთ, გიორგი გახარიას თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ, რამდენმა ათასმა და ათი ათასმა ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს და მერე მიხვდებით, როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. იმიტომ, რომ ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენსავე მოედანზე გიორგი გახარიამ მთელი საქართველოს გასაგონად თქვა სიმართლე და სწორედ ამ პირწმინდად წაგებული დებატების მერე გახდით იძულებული, მის მიმართ გაუგებარი მიზეზებით და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აღგეძრათ.

თუ რეალური დებატების გამბედაობა გაქვთ, ახლაც გიწვევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ, ოღონდ არა იმ ფარსში, რომელიც შემოგვთავაზეთ, არამედ ერთი ერთზე დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს.  სიმართლე არის ის, რომ თუ ამ ქვეყანას ვინმე ღალატობს, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არის ჩაფლული კორუფციაში. რომელმაც ახლა აღმოაჩინა თურმე, რომ ყველა მისი პრემიერი და მინისტრი კორუმპირებული, მოღალატე ან ქურდი იყო. თუ რამეს ღალატი შეიძლება დაერქვას, ეს არის საკუთარი ხალხისთვის ფულის მოპარვა. ეს არის ერთადერთი რამე, რაც შეიძლება ღალატად შეფასდეს. ასე რომ, სხვის ღალატზე რომ საუბრობთ, თქვენ თვითონ იფიქრეთ იმაზე, რატომ ხართ ანტიეროვნული, ანტიევროპული და კორუმპირებული რეჟიმი და ამას რეალური დებატის დროს გაიგებს საქართველოს მოქალაქე. რეალური დებატი სხვანაირია, როდესაც არა სატელიტური, არამედ რეალური ოპოზიციონერები მონაწილეობენ ამ დებატში. ასე რომ, მიიღეთ ჩვენი გამოწვევა, თუ გაქვთ ამის გამბედაობა, რომ რეალურ დებატებში ერთი ერთზე მიიღოთ ჩვენთან მონაწილეობა“, - განაცხადა შარაშიძემ.