დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა, ეს არის ჩვენი პირველი წარმატება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თითოეული ხმის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

"ჩვენს მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას თითოეული ხმისთვის და მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი, კეთილდღეობა ევროპაში და ევროპული სტანდარტების არჩევნები მომავალში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვდნენ, ცესკოს განკარგულებით, უცხოეთში სულ 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.