ეს არის შემთხვევითი უკრაინული ნომრები, რომელიც ინტეგრირებულია ორ აიპი მისამართზე, ტელეფონები კი, საიდანაც ირეკება, ამჟამად საქართველოშია. შესაბამისად, ვინც რეკავს, რეკავს საქართველოდან, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა.

"მინდა გითხრათ, რაც ახლა გავარკვიე. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ბევრი ადამიანი, რომელიც ჩართულია, ქართულ პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობაში, იღებს უცნაურ ზარებს უკრაინული ნომრებიდან. ზარის ავტორები თავს აჩვენებენ, თითქოს  გამოკითხვას ატარებენ უცხოური აგენტების კანონთან, იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით. საპასუხოდ კი აგინებენ. ეს ყველაფერი ქართულ ენაზე ხდება. მე გავარკვიე ჩვენი, უკრაინის შესაბამის სამსახურებთან ამ ნომრის წარმომავლობის შესახებ. ეს არის შემთხვევითი უკრაინული ნომრები, რომელიც ინტეგრირებულია ორ აიპი მისამართზე, ტელეფონები კი, საიდანაც ირეკება, ამჟამად საქართველოშია. შესაბამისად, ვინც რეკავს, რეკავს საქართველოდან.

მე მჯერა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ ხელისუფლების წევრები,  ამიტომ, მინდა ორი რამ გთხოვთო:  ნუ ჩართავთ ამ პროცესში უკრაინელებს და მეორე, მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ზეწოლა ქართველ ახალგაზრდებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე გითხრათ, რაც სურს. მათ სურთ, გახდნენ ევროპის ნაწილი. ამის ნაცვლად თქვენ საპირისპირო მიმართულებით მიგყავთ ქვეყანა. თქვენ მიდიხართ რუსეთისკენ და  ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო, ევროკავშირში ძალიან მძიმე გამოხმაურებებია საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, მე მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ამის კეთება და შეუერთდეთ ევროპულ ინიციატივას", - აცხადებს დავით არახამია "მთავარ არხთან".