საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, “ნაციონალური მოძრაობა” არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ, რომ კრძალავენ არა პარტიებს, არამედ თავისუფალ სიტყვას.

“მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება პარტიების აკრძალვის განხილვაზე, შემდეგ კი საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც მოსამართლეებზე ხორციელდება, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ხალხს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, დღეს მათ მხოლოდ სანახაობას სთავაზობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი - გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც თქვენ ბიძინა ივანიშვილი გავალებთ, არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განუზომელი იქნება და თუ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას შეასრულებთ, მკაცრ საერთაშორისო სანქციებს დაექვემდებარებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", - განაცხადა ანა წითლიძემ.