2012 წლის პირველ ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში - დღეს სრულდება ისტორიული სირცხვილის - ქართველების მიერ ჩემი დატყვევების 5 წლისთავი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხალხის 80% აზრზეა მოსული, სცენაზე ბოლომდე გამოდის იდეალისტური "მიშას თაობა",  თავისი ბრძოლა და იდეები უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე და ამასობაში რუსეთიც მარცხდება.

"2012 წლის პირველ ოქტომბერს მე დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება. 2021 წლის პირველ ოქტომბერს, მათ, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში. დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის - ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი.

ბევრი მაძახებს რისთვის ჩამოხვედიო - გიხსნით - ჩემი მთავარი სიძლიერე და მთავარი სისუსტე არის საქართველოს სიყვარული. ხოდა ვერ გავუძელი შორიდან ჩემი ქვეყნის განადგურების ყურებას და პასუხისმგებლობის გრძნობამ ჩამომიყვანა. ჩამოვედი იმიტომ რომ, დარწმუნებული ვიყავი, უდიდესი ეროვნული კატასტროფისკენ მივექანებოდით. პროცესი დაიწყო 2012 წელს, თუმცა ძალიან დაჩქარდა 2020 წლიდან და უბრალოდ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ არ მეცადა მაინც ჩვენი ხალხის გამოღვიძება და თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად ქვეყნის გადარჩენა.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან. მაწამეს, მომწამლეს, მთელი დრო ცდილობენ ჩემს დამცირებას და ყველანაირად მზღუდავენ. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ეს კეთდება დამპყრობლის დაკვეთით, რასაც პირდაპირ ამბობენ პუტინი/მედვედევი/ლავროვი და ეს იმ ფონზე, რომ ცამდე მართალი ვარ ჩემი ხალხის წინაშე და სრულიად უდანაშაულო კანონის ნორმებით.

თუმცა მე მთელი ეს დრო მაქვს დიდი დანაშაულის გრძნობა, დანაშაულის უკრაინის წინაშე, რომ ვერ ვეხმარები სათანადოდ, დანაშაულის დედაჩემის წინაშე, რომლის ტვირთადაც ვიქეცი, სოფოს და ახლობლების წინაშე და რაც მთავარია ჩემი შვილების წინაშე. ძალიან განვიცდი, რომ ალისა მას შემდეგ, რაც ენა აიდგა, მუდმივად მახსენებს და ღამით იღვიძებს და მეძახის. საშინლად განიცდის უჩემობას, რომ ვერ მივიყვანე პირადად ვერც საბავშვო ბაღში და ვერც ახლა სკოლაში, რომ პირადად ვერ დამყავს მუსიკაზე, ფრანგულზე, ფიგურულ სრიალზე, რომ ვერ ვუსრულებ დანაპირებს მის დისნეილენდში წაყვანაზე. განვიცდი, რომ მუდმივად უხდება პოლიტიკაზე საუბარი და 6 წლის ასაკში პოლიტიკის ყველა დეტალებში გარკვეულია, რაც არაა ნორმალური.

უკვე 5 წელია, ვიმყოფები უსამართლო ტყვეობაში. აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე ჯონ მაკკეინიც 5 წელი იყვნენ დატყვევებული. ახლა უკვე გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არასდროს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ ხალხის 80% აზრზეა მოსული, სცენაზე ბოლომდე გამოდის იდეალისტური "მიშას თაობა" და ჩემი ბრძოლა და იდეები უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, ამასობაში რუსეთიც მარცხდება. ასე რომ, ზუსტად ვიცი, რომ ფუჭად არ ჩაივლის „ეს განწირული სულისკვეთება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.