რანაირი არჩევნებია, იმ პარტიების ლიდერებიც კი ციხეებში სხედან, რომლებიც ახლა არჩევნებში შესვლას აპირებენ, - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ეს იქნება ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.

"ჩვენი ალტერნატივა არის წინააღმდეგობა, ბრძოლა, შეუპოვრობა. ამას უნდა მოჰყვეს ამის შესაბამისი მოქმედება - არა პარლამენტს, არა სპეცოპერაციას, ლეგიტიმაციის მინიმალურ დონეზე უნდა დავიდნენ ქვეყნის შიგნითაც. შენ თუ შეჰყვები ამ სპეცოპერაციაში და მას არჩევნებს უწოდებ, ირიბად თუ პირდაპირ, ლეგიტიმაციაა ეს მათთვის. ამას ვუხსნი საზოგადოებასაც და იმ ოპოზიციასაც, რომელსაც ამ ე.წ. არჩევნებში შესვლა სურთ. მოვა ნოემბერი, დეკემბერი და დასავლეთთან რომ დაჯდება ეს "ქოცი" მოსალაპარაკებლად, ეტყვის, რომ მე ვარ ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთხელ და სამუდამოდ, მაღიარებთ თუ არაო - ათას არგუმენტს მოიყვანენ თავის გასასამართლებლად.

რანაირი არჩევნებია, იმ პარტიების ლიდერებიც კი ციხეებში სხედან, რომლებიც ახლა არჩევნებში შესვლას აპირებენ.

საერთაშორისო საზოგადოება აქეთ მხარეს რომ დაინახავენ, რომ არის დემოკრატიული, კონსოლიდირებული ოპოზიცია, რომელმაც არ აღიარა ხელისუფლება, რომელიც იყო კრიტიკული, თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში, დაინახავენ, რომ არის ალტერნატივა, რომელსაც შეიძლება ელაპარაკო და ხალხიც, ქართული საზოგადოებაც ამას დაინახავს - ავსა და კარგს გაარჩევს და "ქოცის" მხარეს აღარ დარჩება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.