"ტვ პირველის" და "ფორმულას" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა.

"ფორმულას“ ინფორმაციით, მათ "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება".

ტელეკომპანიის ცნობით, მათგან ითხოვენ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს "ფორმულას“ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.

საჩივარში, რომელიც ტელევიზია "ფორმულამ" დღეს მიიღო, მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც "ქართული ოცნების" რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა "ფორმულამ" კანონი.

"საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები", - წერია დოკუმენტში.

"კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტს, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობას და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო".

განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა "ქართული ოცნების" მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ.

"ქართული ოცნება" "ფორმულას" ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის.

რა შეიძლება დაემართოს "ფორმულას" – "ოცნების" კანონით გათვალისწინებული რეალური სანქციები:

გაფრთხილება

კომისიამ შეიძლება გამოუცხადოს "ფორმულას" ოფიციალური გაფრთხილება — საჯარო ან წერილობითი.

დავალება შინაარსის გამოსასწორებლად

მაგალითად: ვალდებულება მოიხადოს ბოდიში, გააშუქოს დამატებითი პოზიციები, ან წაშალოს ზოგი შინაარსი საიტიდან/სოცქსელიდან.

ფინანსური ჯარიმა

ჯარიმის ოდენობა კანონით შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდურიც — მაგალითად, წინა პრაქტიკით, ზოგჯერ ირჩევა მაუწყებლის ბიუჯეტის შესაბამისი წილი.

დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა

სანამ საბოლოო გამოძიება დასრულდება, კომისიას შეუძლია მოსთხოვოს დროებითი შეზღუდვები – მაგალითად,  მსგავსი ტერმინების გამოყენების შეჩერება.

ლიცენზიის ჩამორთმევა

"ფორმულას" მიერ განმეორებითი მძიმე "დარღვევების" შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ფორმულას ლიცენზია შეუჩეროს ან გაუუქმოს", - წერს "ფორმულა".

"ქართული ოცნება" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "ტვ პირველსაც" უჩივის.

"ეს არის კიდევ ერთი რეპრესირების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების", - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.